წარმატებისთვის განწირულნი
- გიორგი ბაღდავაძე
- May 27, 2021
- 8 min read
ოლდოს ჰაქსლი, თავის ესეში - „საოცარი ახალი სამყარო - განხილვა“ (Brave New World Revisited, 1958) ეყრდნობა ერიხ ფრომის ანალიზს და მიუთითებს მზარდი, კოლექტიური ფსიქიკური აშლილობის ფენომენზე. ამასთან აღნიშნავს, რომ ამ აშლილობის ყველაზე დიდი მსხვერპლი სინამდვილეში სწორედ ისინი არიან, რომლებიც გამოიყურებიან ნორმალურებად. ბევრი მათგანი ითვლება ნორმალურად, რადგან ისინი მოერგნენ არსებითად არანორმალურ საზოგადოებას და ამით მონაწილეობას იღებენ ფსიქიკური აშლილობის ექსპონენციალურ ზრდაში. ამასთან, ჰაქსლი სრულად იზიარებს ფრომის დასკვნას, რომ ამგვარი აშლილობის ფესვები ინდივიდუალიზმის პარადიგმის ფეტიშში უნდა ვეძებოთ. აქვე აღსანიშნავია, რომ ბედის ირონიით სწორედ ინდივიდუალიზმის სახელით გახდა სოციუმი ერთგვაროვანი, ნორმად ქცეული არანორმალურობის დამკვიდრებასა და დაცვაში. “These millions of abnormally normal people, living without fuss in a society to which, if they were fully human beings, they ought not to be adjusted, still cherish "the illusion of individuality," but in fact they have been to a great extent deindividualized. Their conformity is developing into something like uniformity. But "uniformity and freedom are incompatible. Uniformity and mental health are incompatible too. . . . Man is not made to be an automaton, and if he becomes one, the basis for mental health is destroyed" - აღნიშნავს ჰაქსლი.
არაერთი ავტორიტეტული მეცნიერული კვლევა მიუთითებს, რომ სოციალური ქსელების ეპოქაში საგრძნობლად მოიმატა ადამიანებში ნარცისიზმის სინდრომმა, რაც შეიძლება ერთგვარი ფსიქიკური აშლილობის პანდემიადაც მივიჩნიოთ. იქნება ეს ე.წ. ინფლუენსერი თუ კლასიკური კარიერისტი, ყველა თანაბრად ცდილობს თავიანთი წარმატებისთვის ტრანსცედენტული ბუნების მინიჭებას მეტი საჯაროობითა და სოციალური ჩართულობით. ამგვარად, წარმატების ჟინმა წარმატებით დაიპყრო თანამედროვე, პოსტ-მოდერნული ინდივიდის არსი, რაც დღევანდელ სოციუმში სრულიად ნორმალურად ითვლება, მეტიც, ხდება ამის წახალისება. აღნიშნულის დასტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ ლოგოსისგან სრულიად დაცლილი ვიდეოებისა თუ მიმების ვირუსული გავრცელება, საზოგადოებაში ერთმანეთისადმი დაცინვის და ე.წ. „გათრეშების“ შემაშფოთებლად მზარდი ტენდენციები, რაც ლოგიკურად სრულდება ზნეობრივად ყველაზე მდაბიო მასის აღზევებითა და მათი არანორმალური მოთხოვნილებების ნორმალიზებით. აქვე აღსანიშნავია, რომ წარმატებაზე საუბრისას ჩვენ არ ვგულისხმობთ წარმატებას, როგორც მოვლენას ან შეფასებას, არამედ მოვიაზრებთ მხოლოდ წარმატების ჟინს და მისდამი მიჯაჭვულობას. ამასთან, წარმატების ჟინი არ შემოიფარგლება მარტოოდენ მიწიერი წარჩინების წყურვილით, არამედ ასევე გვხვდება სულიერი განვითარების გზაზე მყოფ ადამიანებშიც, სადაც მისი დამანგრეველი ბუნება კულმინაციას ჰპოვებს, რამეთუ მიწიერი წარმატების სურვილი უარყოფს ჭეშმარიტებას, ხოლო სულიერი წარჩინების ვნება კი შეურაცხყოფს მას.
წარმატების ჟინით შეპყრობილი პიროვნებისთვის, წარმატება კონკრეტული შედეგის (ან დანიშნულების) მიღწევაში გამოიხატება. მაშასადამე, წარმატების ჟინი სინამდვილეში არის მეტაფიზიკური წესრიგის წინააღმდეგ აჯანყება, რითაც გარდაუვალი განადგურებისთვის განწირული ეგო იბრძვის საკუთარი არსებობის დადასტურებისთვის (ვალიდაციისთვის). იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური თვითგადარჩენა/რეალიზაცია სწორედ ამა თუ იმ ფორმითა და ხარისხით წარმატების მიღწევაზე გადის, გასაკვირი არაა, რომ მისი ჟინი სიმბოლურად გადაჯაჭვულია თვითგადარჩენის ინსტინქტთანაც. შედეგად კი ვიღებთ კოლექტიური ფსიქიკური აშლილობის ჭეშმარიტ და საყოველთაო პანდემიას, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს და აფართოებს ლიბერალურ-კონსუმერული ფსევდო-კულტურა, რომელიც უკვე საყოფაცხოვრებო დონეზეა გამჯდარი მთელს მსოფლიოში და, მაშასადამე, კაცობრიობის საზოგადოებრივი ქსოვილი (ე.წ. social fabric) შეუქცევადად არის დაზიანებული (დამატებით იხ., გეგი კუხალეიშვილი, „ლიბერალიზმი და სხვა ფსიქიკური დარღვევები“).
რა ხდება მაშინ, როცა სოციუმი შეშლილია, ხოლო პიროვნება საკუთარი შინაგანი არსის დაცვის ნაცვლად, ირჩევს გადაეწყოს სოციუმის მოთხოვნების შესაბამისად? კარლ იუნგი თავის ნაშრომში „ფსიქოლოგიის ტიპები“ (Psychological Types, 1921) ყურადღებას ამახვილებს მსგავს დილემაზე და ასკვნის, რომ ბუნებით ნორმალური ადამიანი, რომელიც ირჩევს კომფორმიზმის გზას და გადაეწყობა არანორმალური სოციუმის თარგზე, მართლაც მიაღწევს წარჩინებას, ოღონდ იმ მომენტამდე, სანამ ის და მისი თანამედროვენი არ განადგურდებიან საყოველთაო კანონზომიერებათა უარყოფისთვის.
წარმატება ანუ სიკვდილის სასჯელი მისთვის ვინც არ აფასებს სიცოცხლეს
ვედანტაში, სახელდობრ კატხა-უპანიშადში, ბრახმანის ვაჟი ნაჩიკეტა ეკითხება სიკვდილის ღმერთ იამარაჯას თუ რა არის სიკვდილი და რა ხდება მისი დადგომის მერე. იამარაჯა მაცდურად სთავაზობს მას მიწიერ ხელმწიფებას და წარჩინებულ ცხოვრებას, შეკითხვაზე პასუხის გაუცემლობის სანაცვლოდ. ნაჩიკეტა არ ცდუნდება და კვლავ იმეორებს შეკითხვას, რის შემდეგაც იამარაჯა გაანდობს მას ჭეშმარიტებას. „უმეცრებაში მყოფი სულელნი, რომელთაც თავი ბრძენნი ჰგონიათ, ტრიალებენ და ბრუნავენ მოჯადოებულ წრეზე, როგორც ბრმანი, რომელთაც ბრმა წინამძღოლობს. მერე [იგულისხმება სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა] არასოდეს დგება სიმდიდრის მომხვეჭელობით დაბრმავებული ბრიყვისთვის, რომელიც გაიძახის - ამ ქვეყნის გარდა სხვა არაფერი არსებობს - და კვლავაც და კვლავაც იცელება ჩემ მიერ“ (თავი II, ტაეპი V-VI) - აგრძელებს იამა. მოგვიანებით, იამა საუბრობს აშვატხას ხეზე (იგივეა, რაც სიცოცხლის ხე), რომელსაც ფესვები აქვს მაღლა, ხოლო ტოტები დაბლა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის ჭეშმარიტება.

მსგავსი სიმბოლო გვხდება ასევე კარმულ ასტროლოგიაში, ე.წ. მთვარის კარმული კვანძების X და IV სახლებში განლაგებისას, სადაც X სახლი (მზის ზენიტი და ხის ნაყოფის სიმბოლო) დაღმავალ კვანძში ასოცირდება მიწიერ წარმატებასთან/კარიერასთან (საგულისხმოა, რომ ტაროს X არკანასაც ანალოგიური დატვირთვა აქვს და ის ზუსტად წარმოაჩენს წარმატების ცვალებად, ამაო ბუნებას. ამ მხრივ ყველაზე ზუსტია ვისკონცი-სფორზას XV საუკუნის და მარსელის XVIII საუკუნის ტაროს ვერსიები), ხოლო IV სახლი (მთვარის ზენიტი და ხის ფესვების სიმბოლო) აღმავალ კვანძში ასოცირდება სულიერ ზრდასთან. გავრცელებული ვერსიის თანახმად, სწორედ ამგვარი ასტროლოგიური განლაგება იყო ცის კაბადონზე იესოს შობისას. როდესაც პილატემ ნახევრად ირონიულად ჰკითხა იესოს იყო თუ არა ის ურიათა მეფე, იესომ მიუგო: „მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით“ (იოანე 18:36). აქ ზუსტად არის წარმოჩენილი სხვაობა მიწიერ ძალაუფლებასა და სულიერ მეუფებას შორის. ერთი მიმართულია გარე მომხვეჭელობისკენ და განპირობებულია დრო-სივრცეში, ხოლო მეორე მიმართულია სულიერი განღმრთობისკენ და უსაზღვრო, მარადიულია. სწორედ ამიტომ, როდესაც იესო 40 დღის განმავლობაში უდაბნოში იყო გასული, ეშმაკმა ბოლო და ყველაზე მძიმე საცდურად ამქვეყნიური ძალაუფლება შესთავაზა. „კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას“ (მათე 4:8-11). საუბრის მიწურულისკენ, იამარაჯა ეუბნება ნაჩიკეტას: „როცა გულში დაბუდებული ყოველი სურვილი ქრება, მოკვდავი ხდება უკვდავი“ (თავი V, ტაეპი XIV).

ტოლსტოი, თავის ეპოქალურ ნაწარმოებში - „ივან ილიჩის სიკვდილი“ (Смерть Ивана Ильича), მოგვითხრობს პიროვნებაზე, რომელიც ახალგაზრდობიდან ზრუნავდა თავის კარიერასა და პროფესიულ აღიარებაზე. ივან ილიჩი სულაც არ იყო ცუდი პიროვნება, მას განზრახ არავისთვის გაუკეთებია ბოროტება, თუმცა არც კეთილ საქმეს სჩადიოდა პირადი გამორჩენის გარეშე. კარიერული წინსვლა და საზოგადოებრივი აღიარება მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ცეკვა, რომელიც სულაც არ ხიბლავდა მხოლოდ იმიტომ ისწავლა, რომ ზემდგომთათვის თავი მოეწონებინა. გლახაკთან გულმოწყალე იყო თუ მის ხელმძღვანელს ეს ესიამოვნებოდა და პირიქით. ქორწინებაც კი საზოგადოებრივი წარჩინების იარაღი აღმოჩნდა ივან ილიჩისთვის, რომელიც ალბათ ყველაზე მიუღწეველ კარიერულ მწვერვალებსაც კი დაიპყრობდა, რომ არა უეცარი დაავადება, რომელმაც ის ლოგინს მიაჯაჭვა და აიძულა ყოველ დღე ეყურებინა თუ როგორი ხელოვნური იყო ის თანაგრძნობა, რასაც მისი კოლეგები, ნაცნობები და საკუთარი ოჯახის წევრებიც კი იჩენდნენ და რომელიც მალე ყველას მიავიწყდა და ყელში ამოუვიდა. მხოლოდ მისი მომვლელი, უბრალო ახალგაზრდა კაცი, აღმოჩნდა ის, ვინც გულწრფელად უთანაგრძნობდა ივან ილიჩს და ცდილობდა მისი ბოლო დღეები შეემსუბუქებინა მაშინ, როცა ყველა მის გარშემო მხოლოდ საკუთარ მატერიალურ მომავალზე ფიქრობდა. თავიდან ივან ილიჩი სიკვდილს, როგორც პიროვნებას, ისე ებრძოდა. ხშირად ცალმხრივ დიალოგშიც შედიოდა მასთან, მაგრამ ბოლოს ის სწორედ მასში ეზიარა ჭეშმარიტებას.
„Для него все это произошло в одно мгновение, и значение этого мгновения уже не изменялось. Для присутствующих же агония его продолжалась еще два часа. В груди его клокотало что-то; изможденное тело его вздрагивало. Потом реже и реже стало клокотанье и хрипенье.
— Кончено! — сказал кто-то над ним.
Он услыхал эти слова и повторил их в своей душе. «Кончена смерть, — сказал он себе. — Ее нет больше».
Он втянул в себя воздух, остановился на половине вздоха, потянулся и умер.“
ერთი მხრივ, ნაჩიკეტა, ახალგაზრდა ბრაჰმანი, უარს ამბობს მიწიერ სიმდიდრეზე მარადიულობის სანაცვლოდ. მეორე მხრივ, ივან ილიჩი, სამაგალითო მოქალაქე, თავისი პროფესიონალიზმითა და ბრწყინვალე კარიერით მოიპოვებს საყოველთაო აღიარებასა და პატივისცემას. სიკვდილი ნაჩიკეტათი აღფრთოვანებულია რამეთუ თვლის, რომ ჭაბუკმა სამართლიანად განსაჯა სიცოცხლის დანიშნულება, რაც მიწიერი წარჩინებისადმი მიჯაჭვულობის უარყოფით მარადიულობისთვის მზადებაში გამოიხატება. ამიტომაც, სიკვდილი ყმაწვილს აჯილდოვებს უკვდავებისკენ მიმავალი ჭეშმარიტი ცოდნით განსხვავებით ივან ილიჩისგან, რომელსაც ის სასტიკად სჯის სწორედ იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა მთელი თავისი სიცოცხლე მიწიერ მომხვეჭელობას შეალია. ბიბლია ბრძანებს: „უმჯობეს არს მონაჲ გლახაკი და ბრძენი უფროსღა მეფისა მოხუცებულისა და უგუნურისა, რომელმან არა ცნა კრძალულებაჲ, რამეთუ სახლისაგან საპყრობილისა გამოვიდეს მეფობად, და რამეთუ მეფობასა შინა მისსა იქმნა გლახაკ (ეკლესიასტე 4:13-14),“ რაც ნიშნავს, რომ ღატაკი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობს მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც უკვე ვერას ისწავლის, რადგან იგი [ბრძენი ყმაწვილი] საპყრობილიდანაც გამოვა მეფედ, ხოლო [მოხუცებული და ბრიყვი მეფე] თავისსავე სამეფოში გახდება უპოვარი. ის, ვინც ვერ ხვდება, რომ ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მთელ კალთა გარჯას და ფუჭ საზრუნავს (ეკლესიასტე 4:6), დაკარგავს სულიერ სიმშვიდეს და არც მოპოვებული წარჩინება შეერგება.
წარმატებული თავმდაბლობის ცოდვა - უცნობი თქმულება მელქისედეკზე
ძლევამოსილ მეფეს ერთი ჩვევა ჰქონდა. ის გამოეწყობოდა ხოლმე ძონძებში და სასახლიდან იპარებოდა რათა, როგორც თავად წარმოედგინა, თავმდაბლობისთვის მიეღწია. ერთხელ, დუქანში დამთვრალს, ღმერთი გამოეცხადა მოხუცის სახით და ჰკითხა თუ რას ისურვებდა ყველაზე მეტად, რაზეც მთვრალმა ხელმწიფემ მიუგო, რომ ოცნებობდა ყოფილიყო უბრალო გლეხი, რადგან სასახლეში ყველა შიშით ან გამორჩენით უყურებდა, ირგვლივ მხოლოდ ტყუილი, შური და ღალატი ეგულებოდა. მეტიც, ის არ თვლიდა თავს ღირსეულად და მიაჩნდა, რომ მხოლოდ ყველაზე გაჭირვებულებში ცხოვრობდნენ კეთილშობილი ადამიანები. მოხუცმა თავზე ხელი დაადო და გაქრა. მეორე დილით მეფე სასახლისკენ ბრუნდებოდა, რა დროსაც სპამ პანღურით გამოაგდო. მის მრისხანე სიტყვებს, რომ ყველას თავებს წააცლიდა, ირგვლივ სიცილი მოჰყვა. ყველაზე მეტ ტალახს უბრალო ხალხი ესროდა და აუგადაც მოიხსენიებდნენ. გარდა იმისა რომ მის ჩაქოლვას ლამობდნენ, ღატაკთა მზერაში ფარული ზიზღიც გამოსჭვიოდა, თითქოს არ პატიობდნენ ვიღაც ბოგანოს იმის წარმოდგენას, რომ მეფე იყო განა იმიტომ, რომ ხელმწიფის ღირსებას იცავდნენ, არამედ იმიტომ, რომ უბირი ასეთად უნდა დარჩენილიყო. თუკი სასახლეში მისი ნამდვილი ძალაუფლების მაინც შურდათ, სასახლის გარეთ ეს უბრალო გაფიქრებაზეც ვრცელდებოდა. გაოგნებული ხელმწიფე მდინარის პირას ჩავიდა, რათა სახე ტალახისგან ჩამოებანა რა დროსაც აღმოაჩინა, რომ ის სხვა ადამიანის სხეულში იმყოფებოდა. მან აქამდე უცნობი შიში პირველად იგრძნო. ხალხი გიჟად მოიხსენიებდა, დუქანშიც აღარავინ უშვებდა და ძაღლებიც კი არ უთმობდნენ ძირს დაყრილ ძვლებს. მალე მთელი სამეფო ქაოსმა მოიცვა და დაიწყო ომი. მშიერი და გაძარცვული მეფე დაჩოქილი ევედრებოდა ღმერთს შველას, რა დროსაც მოხუცის სახით ის კვლავ გამოეცხადა და უთხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებდა კუთვნილ ჭურჭელში თუ ორმოცი დღის განმავლობაში სამთავიან გველეშაპს დაამარცხებდა და თითოეული მოჭრილი თავის შუბლზე ამოტვიფრული მბოჭავი ვნების სახელს წარმოთქვამდა. მოხუცი კვლავ გაქრა, ხოლო მეფე ამაოდ ეძებდა შველას. დაუღალავი ძებნის მიუხედავად, მან საერთოდ ვერ იპოვა გველეშაპი და ეს-ესაა უნდა დანებებულიყო, როცა მეორმოცე დღეს იხილა სამი ნემსიყლაპია, რომლებიც უკუღმა მიფრინავდნენ და მას უეცრად გონება გაუნათდა. „მაშ იპოვე გველეშაპი?“ - შეეკითხა მოხუცმა. „ჭეშმარიტად გეუბნები უფალო, იმას, რასაც გარეთ ვეძებთ - ჩვენშია, ხოლო იმას, რაც ჩვენშია გარეთ ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. თავმდაბლობა, ამპარტავნება, ამაოება - ესენია სამი მბოჭავი ვნების სახელები“ - მიუგო მეფემ. მოხუცმა წარმოთქვა: „ღირს ხარ და იმეფე!“. ხელმწიფე დაბრუნდა თავის სასახლეში, ქვეყნად მშვიდობამ დაისადგურა და იწოდა იგი მელქისედეკად. [შენიშვნა: მბოჭავი ვნებების ცნების განმარტებისას, ანალოგიის სახით, შეგვიძლია მოვიშველიოთ სამი გუნა, ესენია: სატვა (თავმდაბლობა), რაჯა (ამპარტავნება) და ტამა (ამაოება). აღმოსავლური სწავლების თანახმად, მართალია სატვა ყველაზე კეთილშობილური გუნაა, მაგრამ ჭეშმარიტების მიღწევისთვის მისი ბოჭვისგან გათავისუფლებაც აუცილებელია.]
„პეტერბურგში XIX საუკუნის ორმოციან წლებში მომხდარმა მოვლენამ ყველა გააოცა: კოხტა და ჩინებული თავადი, კირასირთა პოლკის ლეიბ-ესკადრონის მეთაური, რომელსაც ფლიგელ-ადიუტანტობასა და იმპერატორ ნიკოლოზ I კარზე ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, იმპერატორის მეუღლის ფავორიტთან, ულამაზეს ფრეილინასთან ქორწინებამდე ერთი თვით ადრე სამსახურიდან გადადგა და ეს მხოლოდ დასაწყისია. მან საცოლესთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, საკუთარი მომცრო მამული დას უანდერძა, ხოლო თავად კი მონასტერში ბერად აღიკვეცა“ - ამ სიტყვებით იწყებს ტოლსტოი თავის კიდევ ერთ გენიალურ ნოველას „მამა სერგი“ (Отец Сергий). ბრწყინვალე კარიერისტმა და წარმატებულმა მოხელემ, გააცნობიერა რა მიწიერი ცხოვრების ამაოება, უსამართლობა და ფარისევლობა, გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი ღმერთისთვის მიეძღვნა, თუმცა ხასიათის ერთი თვისება მას სასულიერო მოღვაწეობაშიც გაჰყვა. ის არასოდეს კმაყოფილდებოდა მიღწეულით და ყოველთვის მიისწრაფვოდა სრულყოფილების მწვერვალების დასაპყრობად. ის თავის მოღვაწეობაში იმდენად სასტიკ ასკეზებს ასრულებდა, რომ სახელი მალევე გაითქვა, მეტიც, სასწაულებს ახდენდა და ხალხს კურნავდა. თუმცა ბედისწერამ, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ადამიანის ხასიათის მანიფესტაცია დროში, მას უმძიმესი ცოდვა ჩაადენინა და აიძულა დაეტოვებინა მონასტერი. ის მაწანწალა გახდა და სტუმრად მიადგა ბავშვობის მეგობარ პრასკოვია მიხაელოვნას, უბრალო ადამიანს, რომლის დანახვაზეც ახალგაზრდობაში მას მუდმივად ზიზღი ეუფლებოდა, რადგან ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო მასსავით უბრალო, არ შეიძლებოდა არ ყოფილიყო წარმატებული. ბედის ირონიით, სწორედ პაშენკასთან საუბრის დროს ჩაწვდა მამა სერგი ჭეშმარიტებას:
«Так вот что значил мой сон. Пашенька именно то, что я должен был быть и чем я не был. Я жил для людей под предлогом Бога, она живет для Бога, воображая, что она живет для людей. Да, одно доброе дело, чашка воды, поданная без мысли о награде, дороже облагодетельствованных мною для людей. Но ведь была доля искреннего желания служить Богу?» — спрашивал он себя, и ответ был: «Да, но все это было загажено, заросло славой людской. Да, нет Бога для того, кто жил, как я, для славы людской. Буду искать его» - განაცხადა მამა სერგიმ და განაგრძო ქუჩაში ხეტიალი, რის გამოც ერთხელაც დაიჭირეს და გააციმბირეს, სადაც კეთილმა მემამულემ შეიფარა. სიცოცხლის ბოლომდე მამა სერგი მუშაობდა უბრალო მასწავლებლად.
„უმჯობეს არს ასრულებდე საკუთარ ბუნებრივ მოვალეობას ცუდად, ვიდრე სხვის მოვალეობას საუკეთესოდ“ - ბრძანებს კრიშნა ბჰაგავად გიტაში (3.35). ჭეშმარიტად ბრძენია ის, ვინც ხედავს მოქმედებას უმოქმედობაში და უმოქმედობას მოქმედებაში (4.18). გასხივოსნებულნი ბრძენ ადამიანებად მოიხსენიებენ მათ, რომელთა მოქმედებები დაცლილია მიწიერი სიამოვნების მიღების ჟინისგან (4.19). ამგვარი ადამიანები, რომლებიც გათავისუფლდნენ მათი მოქმედების ნაყოფისადმი მიჯაჭვულობისგან, ყოველთვის კმაყოფილნი არიან და არ არიან დამოკიდებულნი შედეგებზე (4.20). თავისუფალნი მოლოდინებისა და საკუთრების განცდისგან, ჭკუისა და გონის სრული მართვის კვალდაკვალ, ისინი მუდამ უცოდველნი რჩებიან, რაც არ უნდა მოიმოქმედონ თავიანთი სხეულებით (4.21). შინაგანად სავსენი სავარაუდო შედეგებისდა მიუხედავად და თავისუფალნი შურისგან, ისინი ცხოვრებისეული დუალიზმის მიღმა არსებობენ. თანაბრად აღიქვამენ-რა წარმატებასა და წარუმატებლობას, ისინი არ არიან შებოჭილნი თავიანთი მოქმედებებით მაშინაც კი, როცა ყველა სახის მოქმედებას ახორციელებენ (4.22). ისინი თავისუფალნი არიან მიწიერი მიჯაჭვულობებისგან და მათი გონება დაფუძნებულია ჭეშმარიტ ცოდნაზე. და რამეთუ მათი ყოველი ქმედება არის შესაწირი უზენაესისადმი, ისინი თავისუფლდებიან მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვისგან (4.23).
26 მაისი 2021
Comments