გლობალისტების მიერ თეთრკანიანი ქრისტიანის ჩაგვრა ვოტანის არქეტიპის გამოღვიძებას მოასწავებს
- გიორგი ბაღდავაძე
- Jun 17, 2020
- 7 min read
Updated: Jun 19, 2020
კარლ იუნგი თავის კვლევაში „სინქრონულობა: არამიზეზშედეგობრივი კავშირის პრინციპი“ (Synchronicity: An Acausal Connecting Principle) ასკვნის: „არაცნობიერისთვის სივრცე და დრო ფარდობითია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ცოდნა არსებობს სივრცე-დროის კონტინიუმში, სადაც სივრცე აღარ არის სივრცე და დრო აღარ არის დრო. იმ შემთხვევაში თუ არაცნობიერი განავითარებს ან შეინარჩუნებს შესაძლებლობას [პოტენციალს] ცნობიერის მიმართულებით, უკვე შესაძლებელი ხდება პარალელური მოვლენები იქნენ აღქმულნი ან „ცნობილნი““. სწორედ ამგვარად ხსნის იუნგი 1759 წლის 19 ივლისის მისტერიას, როცა გოთენბურგში ყოფნისას ცნობილ შვედ მეცნიერსა და მწერალს, ემანუელ სვედენბორგს, ჰქონდა ხილვა თუ როგორ იწვოდა სტოკჰოლმი. მართლაც, ზუსტად იმ დროს სტოკჰოლმში დიდი ხანძარი მძვინვარებდა, რის შესახებაც სვედენბორგმა რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო.
2020 წლის 2 აპრილის სიზმრის ერთ-ერთ ეპიზოდში ვიხილე არეულობა დასავლეთში (სავარაუდოდ, ევროპაში), სადაც შავკანიანები და იმიგრანტები გამოდიოდნენ დიდი საპროტესტო აქციებით. მათ დაიწყეს მაღაზიების მტვრევა, რის გამოც პოლიცია სასტიკად გაუსწორდა. შავკანიანები ამწე კრანებზე იყვნენ ამძვრალები და იქედან ხტებოდნენ თვითმკვლელობის მიზნით. მე მათი თვალებით ვხედავდი თუ როგორ ეზიზღებოდათ ევროპა და დასავლეთი. 7 აპრილის სიზმარში დავინახე ტერორისტები, რომლებიც ავღანელებს მივამსგავსე. ისინი ამერიკის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ ჰამერებით, იყვნენ კარგად შეიარაღებულები. ამერიკა იწვოდა.
25 მაისს, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ შეძრა მთელი ამერიკა, დაიწყო დიდი გამოსვლები, შენობებისა და მანქანების გადაწვა, წინ წამოიწია ანარქისტული მოძრაობების აქტივობები და მალე ეს ტალღა გადმოდო ევროპასაც და ამ მხრივ სრულიად უცოდველ თბილისამდეც კი ჩამოაღწია 4 ივნისს გამართული აქციის სახით. ამ მომენტისთვისაც (ივნისი 2020) დასავლეთში არ ცხრება დაპირისპირებები რასისტულ ნიადაგზე. პრეზიდენტმა ტრამპმა ANTIFA (აქციების მთავარი ორგანიზატორი) ოფიციალურად აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად.
შესაძლოა ჩემი სიზმარი ჯერ-ჯერობით სრულად არ ახდა, თუმცა ფაქტია, რომ რასობრივი საკითხებისა და ტერორიზმის ელემენტების გაერთიანება მართლაც საეჭვოდ დაემთხვა, რაც შესაძლოა იუნგისეული სინქრონულობის პრინციპითაც აიხსნას. თუმცა მთავარი შეკითხვა აქ მაინც იმაშია თუ სადამდე გაგრძელდება დაპირისპირება, რა არის ამ ყველაფრის ნამდვილი მიზეზი და საით მიიყვანს ეს ყოველივე ე. წ. გლობალურ, ლიბერალურ საზოგადოებას?
ე. წ. „პოზიტიური დისკრიმინაცია“, რომელიც თანამედროვე ლიბერალური საზოგადოების სავიზიტო ბარათად იქცა
პოზიტიური დისკრიმინაცია ნიშნავს კანონით დაშვებულ დისკრიმინაციას, რომლის მიზანია ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრა. ამის მაგალითები ფართოდ მოიძებნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროებშიც. ესენია გენდერული კვოტები, ცალკეული საგადასახადო შეღავათები უმცირესობების მიმართ, მაგალითად, საუნივერსიტეტო სტიპენდიების სახით, რასაც აქტიურად მიმართავენ დასავლური საგანმანათლებლო დაწესებულებები. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „დისკრიმინაცია არ არის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან მისაღწევად, განსაკუთრებით − გენდერულ, ორსულობისა და დედობის საკითხებში, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.“ ამგვარ ჩანაწერებს მრავლად შევხვდებით დასავლურ სახელმწიფოთა კანონმდებლობებში, საერთაშორისო კონვენციებში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ერთი შეხედვით, ეს ყოველივე კეთილშობილური მიზნებით არის განპირობებული, თუმცა ცხოვრებისეულ პრაქტიკაში ხშირად უსამართლობის დაკანონების სახელმძღვანელო პრინციპად გვევლინება. საილუსტრაციოდ დავიწყოთ უწყინარი მაგალითით. X ქვეყნის სახელმწიფო სტიპენდია ითვალისწინებს კვოტას, რომლის მიხედვითაც დაფინანსების ძირითადი რესურსები უნდა განაწილდეს გენდერული და რასობრივი ნიშნით. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბევრი თეთრკანიანი მამაკაცი, რომელიც აკადემიური კუთხით აღემატება თავის კონკურენტებს, ვერ მიიღებს დაფინანსებას მხოლოდ იმიტომ, რომ თეთრკანიანი მამაკაცია.
გაცილებით უფრო საშიშია ის სოციალური ფენომენი, რაც სამართლებრივად განმტკიცებულმა პოზიტიური დისკრიმინაციის დოქტრინამ შექმნა, რის შედეგადა ჩამოყალიბდა პარადიგმა, სადაც ადამიანის სოციალური გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე დააბრალებენ თუ არა მას რასიზმს, ჰომოფობიას და ა. შ. ამავდროულად, გაჩნდა უმცირესობისა და მათი დამცველების კასტა, რომლებსაც ებოძათ ამგვარი დაბრალების პრივილეგია. ეს ყოველივე გარკვეული დეჟავუს განცდას იწვევს იმ დასმენის მეთოდებთან, რასაც აქტიურად იყენებდა საბჭოთა კავშირი 1937 წლის დიდი ტერორის დროს, სადაც მარტოოდენ დაბრალება საკმარისი იყო ადამიანის დასახვრეტად. ამგვარი ტერორით გამოწვეული თვითგვემის ნათელი გამომჟღავნებაა ამერიკის ცენტრალურ ქალაქში გადაღებული ვიდეო, სადაც შავკანიანები, წინაპრების ცოდვების გამოსყიდვის მიზნით, თეთრკანიანებს აიძულებენ დაჩოქებასა და მათი ფეხსაცმლის მთხვევას, რა დროსაც ხმამაღლა აცხადებენ, რომ მოვიდა თეთრი რასის დამონების ჟამი. თეთრკანიანებიც, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იმის შიშით რომ რასიზმი არ დასწამონ, დიდი შემართებით აღასრულებენ ამგვარ მაზოხისტურ რიტუალს. ცნობილი ულტრა-მემარცხენე, კომუნისტი იდეოლოგი სლავო ჟიჟეკი, თავის მოხსენებაში, სისულელეს უწოდებს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებულ ისტორიულ მოცემულობაში მხოლოდ შავკანიანთა სიცოცხლეა მნიშვნელოვანი. სწორედ ასეთი დამოკიდებულებით ვიღებთ კულტურულ ფენომენს, სადაც განსხვავებით შავკანიანისგან, თეთრკანიანი ადამიანის მოკვლა საზოგადოებისთვის ნაკლებ მტკივნეული ან საერთოდაც უმნიშვნელოა. ამასვე მეტყველებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ყოველწლიურად პოლიციასთან დაპირისპირებას 2-ჯერ უფრო მეტი თეთრკანიანის სიცოცხლე ეწირება, თუმცა ამის გამო ქალაქებს არავინ წვავს და ფეხსაცმელზე მთხვევას არავის აიძულებენ.
საინტერესოა, რომ საზოგადოებრივად მისაღებ დისკრიმინაციას რასობრივთან ერთად, ასევე რელიგიური განზომილებაც გააჩნია და, როგორც წესი, ის ქრისტიანების წინააღმდეგაა მიმართული. მაგალითად, 2018 წლის 25 ოქტომბრის ცნობილ გადაწყვეტილებაში საქმეზე E.S. v. Austria, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია უნივერსიტეტის პროფესორის სისხლის სამართლის წესით გასამართლება და დაჯარიმება იმის გამო, რომ მან წინასწარმეტყველი მუჰამედის მიერ 6 წლის გოგონას ცოლად მოყვანა პედოფილიად შეაფასა. ამავე სასამართლომ საქმეში Giniewski v. France დაგმო სახელმწიფოს მიერ დაწესებული სანქციები და განაცხადა, რომ მომჩივანს ჰქონდა უფლება თავისუფლად გამოეხატა იმგვარი იდეა, რომელიც ახალ აღთქმასა და ქრისტიანულ ეკლესიას ადანაშაულებდა ანტისემიტიზმსა და ჰოლოკოსტში.
გლობალური დაპირისპირება რუსეთის საუკეთესო ინტერესებშია
დოსტოევსკი 1876 წლის ივნისის ჩანაწერებში წუხილს გამოთქვამდა, რომ ევროპელები რუსებს აღიქვამენ ბარბაროსებად, რომლებიც ევროპაში ხეტიალობენ და უხარიათ, რომ რაღაც სადღაც შეიძლება დაანგრიონ მარტოოდენ სიამოვნების მიღების მიზნით („Они видят в нас скорее варваров, шатающихся по Европе и радующихся, что что-нибудь и где-нибудь можно разрушить, — разрушить лишь для разрушения, для удовольствия лишь поглядеть, как всё это развалится, подобно орде дикарей“). კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, დენიელ რანკორ-ლაფერიერემ 1995 წელს გამოაქვეყნა სკანდალური წიგნი სახელწოდებით: „რუსეთის მონური სული: მორალური მაზოხიზმი და ტანჯვის კულტი“ (The Slave Soul of Russia: Moral Masochism and the Cult of Suffering). ნაშრომში სემანტიკურადაა გაანალიზებული, რუსული ფოლკლორი და მწერლობა. როგორც ავტორი აღნიშნავს, ის იკვლევს რუსი ერის ფსიქოლოგიურ შემადგენელს და არა მის ეროვნულ ხასიათს, რა დროსაც ასკვნის, რომ მაზოხიზმისა და ტანჯვის მიღმა, რუსულ სულში ასევე შეინიშნება აპოკალიფსური ფანტაზიებით ტკბობა. „რუსეთში კოლექტივი არის ტირანი, ხოლო ინდივიდი, როგორც წესი, მას ყოველთვის ნებდება“, - აღნიშნავს ავტორი.
2016 წლის 2 მარტს, ბრიტანულმა გამომცემლობა BBC-მა, ნატოს გენერალზე დაყრდნობით, მოამზადა სტატია, სადაც რუსეთი სირიელი მიგრანტების ევროპის წინააღმდეგ ცოცხალ იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა. მიგრაციული კრიზისის ფონზე, ევროპაში მოიმატა ნეო-ნაცისტური ჯგუფების რაოდენობამ, ხოლო მოსახლეობაში კი საგრძნობლად გაიზარდა ნაციონალისტური ტენდენციები. გერმანულ გამომცემლობა „დოიჩე ველეში“ 2020 წლის 6 ივნისს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც გერმანელი ნეო-ნაცისტების აქტიური გადამზადება რუსეთში, კერძოდ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარეობს. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა, ბოლო პერიოდში, არაერთხელ დაგმეს რუსეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის დასუსტებას. ცალკე აღნიშვნის ღირსია ასევე გაუთავებელი მითქმა-მოთქმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული სპეცსამსახურების აქტიური ჩართულობის შესახებ. საკითხმა იმდენად დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო კიბერშეტევით რამდენიმე დღის განმავლობაში მწყობრიდან გამოიყვანეს პეტერბურგში არსებული ცნობილი ტროლების ფაბრიკა. ამის მიზანი იყო ის, რომ აშშ-ში შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას რუსეთის მხრიდან არ მომხდარიყო დეზინფორმაციისა და ანტიამერიკული პროპაგანდის ტირაჟირება.
თუკი რუსეთი ევროპა-ამერიკას საინფორმაციო და იდეოლოგიურ ტერორში ამყოფებს, თავისი უშუალო მეზობლების წინააღმდეგ არ ერიდება ღია აგრესიის გამოყენებასაც. ამის ნათელი მაგალითია ანექსირებული ყირიმი, ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინა და საქართველოს ორი რეგიონი, სეპარატიზმის გაღვივება მოლდოვასა და აზერბაიჯანში.
მაშასადამე, რუსეთი დესტრუქციის ამგვარი ექსპორტით 2 მიზანს აღწევს. ერთი მხრივ, დასავლეთის დასუსტებით ამცირებს ძალთა შორის სხვაობას საკუთარი თავის სასარგებლოდ და, მეორე მხრივ, თავის თავს წარმოაჩენს სტაბილურ სივრცედ, რითაც საკუთარ ამომრჩეველსა და მეზობელ სახელმწიფოებს აიძულებს ჩარჩნენ რუსულ ჭაობში. საინტერესო დაკვირვებაა, რომ ულტრა-მემარცხენე ლიბერალები სწორედ ამგვარი მაზოხისტური ფანტაზიებით გამოირჩევიან (გავიხსენოთ თეთრკანიანების მიერ შავკანიანების ფეხსაცმელზე მთხვევა) და მათი მიზანი არა რაიმეს შექმნა, არამედ არსებულის დანგრევით სხვათა მდგომარეობის გაუარესება და ამგვარად აბსოლუტური თანაბრობის მიღწევაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ულტრა-მემარცხენე ლიბერალები უარს ამბობენ ზრდა-განვითარებაზე, ირჩევენ ტანჯვას და სხვებსაც აიძულებენ, რომ იტანჯონ.
ვოტანის არქეტიპი ანუ როგორ იწინასწარმეტყველა იუნგმა II მსოფლიო ომი და რას ვერ აცნობიერებს თანამედროვე ლიბერალური საზოგადოება?
ვოტანი, იგივე ოდინი, გერმანული მითოსის მთავარი ღვთაებაა და თავის თავში მოიაზრებს ორ ბუნებას, ერთი არის მოხეტიალე, ბრძენი მოხუცი, ხოლო მეორე კი მეომარი. მაშასადამე, ვოტანი არის ძალაუფლების, სიბრძნის და ომის სიმბოლო. მიუხედავად გერმანული წარმომავლობისა, მცდარია იმგვარი შეხედულება, თითქოს ვოტანის არქეტიპი ექსკლუზიურად გერმანული ტომების კოლექტიურ არაცნობიერში განსხეულდება. თავად იუნგი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ვოტანი ბერძნულ მითოლოგიაში ითავსებს ზევსის, კრონოსის (ზევსის მამის და ტიტანების მეფის) და ნაწილობრივ დიონისეს ფუნქციებს, ხოლო რომაულ მითოლოგიაში კი მერკურის (მოხეტიალე ბრძენის) და პლუტონის (მიწისქვეშეთის მმართველის) ალეგორიად გვევლინება. ქართული მითოსის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართლის მოქცევამდელ პერიოდში ესაა მიჯაჭვული ამირანი და ასევე არმაზი, ხოლო მოქცევის შემდგომ ის სახეს იცვლის და წარმართულ ქრისტიანობაში გვევლინება „ლაშარის“ ან „თეთრი გიორგის“ სახით, რომელიც წინ მიუძღვის ქართველთა ჯარს დიდგორის ბრძოლაში.
1936 წლის ესეში „ვოტანი“, იუნგი ამ მოხუც ღვთაებას მიიჩნევს კოლექტიური ფსიქიკური ძალის პერსონიფიცირებად, რომელიც გაცოცხლდა უმუშევარ და დამცირებულ გერმანელ ხალხში ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო ჟამს და გამოიწვია კიდეც ნაცისტური რეჟიმის ძალაუფლებაში მოსვლა. იუნგი ამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ახასიათებს, როგორც „შეპყრობას“ (Ergriffenheit), რაც თავის თავში მოიაზრებს როგორც შეპყრობილს (Ergriffener), ასევე შემპყრობელს (Ergreifer). ჰიტლერში განსხეულებული ვოტანი, იყო შემპყრობელი, რომელიც განასახიერებდა „გერმანულ ფსიქიკას [სულს]“, როგორც უსამართლობითა და ჩაგვრით განრისხებულ ღმერთს. ამავე ესეში იუნგი საინტერესო დაკვირვებას ახდენს ნიცშეს შემთხვევაზეც. მისი თქმით, ნიცშე არ იყო გერმანოლოგი და მას არ ჰქონდა გერმანული ლიტერატურის ღრმა ცოდნა. მიუხედავად ამისა, ცნობილმა გამონათქვამმა „ღმერთი მკვდარია“ ზარატუსტრა მიიყვანა უცნობი ღმერთის აღმოჩენამდე, რომელიც მას ზოგერ მტრად ეცხადებოდა, ხოლო ზოგჯერ კი თავად ზარატუსტრას ფორმას იძენდა. გარდა ამისა, ზარატუსტრა თვითონ იყო ბრძენი, ჯადოქარი და ჭექა-ქუხილი (აქვე, ზარატუსტრა, როგორც ზოროასტრი).
ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ნიცშე, ზარატუსტრას პირით, გამუდმებით იმეორებს ერთ ფრაზას: „ადამიანი არის ის, რაც უნდა გადაილახოს“ (Der Mensch ist etwas, das überwunden werden soll). ზეკაცის, იგივე Übermensch-ის ფანტაზიას ხშირად ვხვდებით ნაცისტური გერმანიის პროპაგანდაში, რასაც ცნობილი თანამედროვე ისტორიკოსი და მკვლევარი, იუვალ ნოა ჰარარი თავის ეპოქალურ ნაშრომში „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“ (Sapiens: A Brief History of Humankind) ევოლუციური ჰუმანიზმის იდეოლოგიას მიაკუთვნებს. ჰარარი ჰუმანიზმს სამ მიმართულებად ჰყოფს. პირველი არის ლიბერალური ჰუმანიზმი, რომლის მიზანია ინდივიდის პირადი სივრცისა და თავისუფლების დაცვა. მეორეა სოციალისტური ჰუმანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანებს შორის თანასწორობის მიღწევას. ხოლო მესამე, ევოლუციური ჰუმანიზმი კი იცავს ადამიანის სახეობას ბიოლოგიური დეგრადაციისგან და ქადაგებს ზეადამიანად ევოლუციას. თუკი ამ მიმდინარეობებს ციკლურ სივრცეში დავინახავთ, აღმოვაჩენთ მათ ერთმანეთში გარდამავალ ბუნებას. მაგალითად, კაპიტალიზმმა და ბურჟუაზიამ (ლიბერალური ჰუმანიზმი) მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიწვია სოციალიზმისა და კომუნიზმის გაჩენა (სოციალისტური ჰუმანიზმი), რასაც შედეგად მოჰყვა მესამე რაიხის ჩამოყალიბება (ევოლუციური ჰუმანიზმი). მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ამ სამიდან დარჩა მხოლოდ ლიბერალური ჰუმანიზმი, რამაც 90-იან წლებში და განსაკუთრებით, 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე კვლავ წამოწია სოციალისტური ჰუმანიზმის ელემენტები, რასაც დღეს ულტრა-მემარცხენე ლიბერალებში ვხვდებით. შესაბამისად, უკვე დროის საკითხია თუ როდის გამოჩნდება ევოლუციური ჰუმანიზმი განახლებული ფორმით. ამ პროცესების გამუდმებულმა იგნორირებამ და უკონტროლოდ მიშვებამ კაცობრიობა შესაძლოა აპოკალიფსამდეც მიიყვანოს, რაც არა მხოლოდ ბანალური კონფლიქტებში, არამედ ადამიანური რასის სრულ განადგურებასა და მისი ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებაშიც შეიძლება გამოიხატოს. ეს არის კიდეც თანამედროვე ევოლუციური ჰუმანისტების (ე. წ. ტრანსჰუმანიზმისა და პოსტჰუმანიზმის მიმდევრების) დღის წესრიგი, რაც სათავეს ჯერ კიდევ ცნობილი ფანტასტი მწერლის, ოლდოს ჰაქსლის, ბიოლოგი ძმის, ჟულიან ჰაქსლის შრომებში იღებს. სწორედ ამ იდეოლოგიის მიმდევრები სილიკონის ველიდან საეჭვოდ აღვივებენ კლასობრივ შუღლს მათ მიერვე შექმნილი სოციალური ქსელების მეშვეობით.
მთავარი, რასაც ულტრა-მემარცხენე ლიბერალები ვერ ხვდებიან არის ის, რომ ისტორიის ამ მონაკვეთში სადაც ჩვენ ვიმყოფებით, თეთრკანიანი მამაკაცი ნებაყოფლობით უარს ამბობს უმრავლესობაში ყოფნის პრივილეგიის გამოყენებაზე და მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს ყველა სახის უმცირესობას. თუმცა ულტრა-მემარცხენე ლიბერალების მიერ თეთრკანიანი მამაკაცის გააფთრებულმა შევიწროებამ, რომელსაც როგორც მორალურ-სოციალური ასევე საკანონმდებლო განზომილებები აქვს, შესაძლოა ხელახლა გამოაღვიძოს ვოტანის მიძინებული არქეტიპი, რაც პირველ რიგში ულტრა მემარცხენეებს შეუქმნის ეგზისტენციალურ საფრთხეს.
საქართველო მისთვის ამ არაორგანულ დაპირისპირებაში არ უნდა ჩაებას
ცივილიზებული დასავლეთისაგან განსხვავებით, საქართველოსთვის ისტორიულად უცხოა რასიზმის ფენომენი. მეტიც, საქართველო ერთადერთია, სადაც არასოდეს დაფიქსირებულა ანტისემიტური შემთხვევა, რის გამოც 2018 წლის 28 მარტს ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს წარმატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: 1) რამდენად ეფექტიანად მოხდება გლობალური, ლიბერალური ისტერიის იმპორტის პრევენცია; და 2) რამდენად ხარისხიანად განხორციელდება ქაოსში ჩაძირულ დასავლეთში ქართული ისტორიული სიმართლის ექსპორტი.

Comments